ბაზარს მინდობილი ეკონომიკა და მისი მოსალოდნელი შედეგები

ეს სტატია სათაურით:,,საყოველთაო პრივატიზაცია და მისი მოსალოდნელი შედეგები” გამოქვეყნებული იყო ჟურნალ ,,ეკონომიკაში” 2005 წელს, ნომერი 5–6.

ასევე გაზეთ ,,24 საათში”, იმავე წელს.

საქ. მეცნ. აკად. დემოგრაფიული და

სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის უფროსი

მეცნიერ თანამშრომელი, ფიზ.-მათ მეცნ. კანდიდატი

ზაზა წიქორიძე

როგორც ჩვენი მთავრობის მოქმედებიდან (მხედველობაში მაქვს უპირველეს ყოვლისა საპრივატიზაციო პოლიტიკა) ჩანს, ხელისუფლებამ ეკონომიკაში გეზი მთლიანად ბაზარზე აიღო. მას მიაჩნია, რომ ბაზარი ეკონომიკის მართვის იდეალური საშუალებაა. უფრო მეტიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არ იქნება საჭირო და გაუქმდება.

ბაზარი რომ მართლაც იდეალური იყოს, მაშინ ამდენი ღარიბი ქვეყანა არ იარსებებდა. მთლიანად ბაზარს მინდობილი ეკონომიკური პოლიტიკა მართვის ყველაზე მარტივ გზას გვთავაზობს. საკმარისია ხელისუფლება არ ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და ყველაფერი თავისით მოწესრიგდება. ამაზე იოლი ეკონომიკური პოლიტიკის მოფიქრება ალბათ შეუძლებელია. მაშინ რა უშლის ხელს ამდენ ღარიბ ქვეყანას, ნუთუ ყველა ისინი საკუთარი თავის მტრები არიან და ეკონომიკის მართვით ზედმეტად იტვირთავენ თავს? და ეს მაშინ, როცა თუ საერთოდ არ მართავენ ეკონომიკას საუკეთესო შედეგს მიიღებენ.

მსოფლიოში ბაზრის იდეალიზირება დაიწყო 70-იან წლებში. რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორი ამერიკელი მეცნიერის, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების მილტონ ფრიდმანისა და ავგუსტო ფონ ჰაიეკის შეხედულებებმა. მათ მოახდინეს ბაზრის გაფეტიშება.

გავიხსენოთ, რომ 70-იანი წლები ცივი ომის პერიოდია. აშშ უპირველესი მტერია საბჭოთა კავშირი. ამერიკა ყველანაირად ცდილობენ სსრკ დანგრევას ან დასუსტებას. თუკი საბჭოთა კავშირში დაიჯერებენ, რომ ბაზარი არის იდეალური ბერკეტი ეკონომიკის მართვის, მაშინ გარდაქმნების დაწყება ქვეყანაში გარდაუვალია. საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს დემოკრატიზაციას. საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიზაცია უეჭველად გამოიწვევს ძლიერი ცენტრალიზებული მართვის მოშლას და შედეგად აშშსათვის ყველაზე საშიში მტრის დასუსტებას. ამდენად დასავლეთი დაინტერესებულია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაიჯერონ ბაზრის სრულყოფილება (ქვემოთ ვნახავთ, რომ არსებობს კიდევ სხვა მოტივი ამისათვის). ამასთანავე, საბაზრო ეკონომიკას სჭირდება მესაკუთრეთა ფენა, ამიტომ საჭირო იყო პრივატიზაციის პროცესისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა, თუნდაც ეს პრივატიზაცია ,,ბინძური“(უსამართლო) ყოფილიყო.

ამ მიზნის მისაღწევად და მსოფლიო საზოგადოებაში ამ მოსაზრებების ფართოდ გავრცელებისათვის, ხდებოდა ამერიკელი მეცნიერების შეხედულებების მაქსიმალური პოპულარიზაცია და პროპაგანდირება. მათ მასმედიაში დიდ ადგილი ეთმობოდათ. შეიქმნა სერიოზული საიტები ინტერნეტში, სადაც სწორედ ამ მოსაზრების მუსირება ხდებოდა. ფრიდმანი, ჰაიეკი და მათი მომხრეები ხშირად გამოდიდონენ სხვადსხვა სატელევიზიო არხით, რადიოთი, იბეჭდებოდნენ პრესაში. საზოგადოებაში მიზანმიმართულად ინერგებოდა ამერიკელი მეცნიერების იდეები.

აქვე ვიტყვით, რომ მილტონ ფრიდმანმა მხარი დაუჭირა ჩილეში გადატრიალებას, რის გამოც მას საპროტესტო გამოსვლები მოუწყვეს ნობელის პრემიის გადაცემისას (სხვათაშორის ამ ბოლო დროს აღარ ისმის ხმები ჩილეს ეკონომიკური სასწაულის შესახებ). წარმოშობით გერმანელი ავგუსტო ფონ ჰაიეკი კი ახალგაზრდობაში ნაციონალ სოციალიზმის იდეებით იყო გატაცებული და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიებით არ უნდა ყოფილიყო განწყობილი.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შემცირდა ამგვარი პროპაგანდის აუცილებლობა და 90-იანი წლებიდან მდგომარეობა ნელნელა შეიცვალა, თუმცა ეს მეცნიერთა წრეში მეტად იგრძნობა, ვიდრე ფართო საზოგადოებაში. სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ მეცნიერები, რომ ბაზარი არ არის იდეალური და მას აქვს .. ჩავარდნები გარკვეულ სფეროებში. კერძოდ, ბაზარი ვერ ქმნის 1) საზოგადოებრივ პროდუქტს, მაგალითად გზების მშნებლობა; 2) ეფექტურად ვერ მართავს რესურსებს თუკი წარმოებას თან ახლავს გარკვეული გარეგანი ეფექტები, ამის გამო იგი მთავრობის ჩარევის გარეშე ვერ წყვეტს ეკოლოგიის საკითხებს, 3) ვერ მართავს ეფექტურად მონოპოლიებსა და ოლიგოპლოიებს, რის გამოც ხდება ქვეყნის რესურსების არაეფექტური გამოყენება და ამავე დროს იზრდება სოციალური უთანასწორობა. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: 4) ინფორმაციის ასიმეტრიულობა.

ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მყიდველმა გასაყიდი საქონლის შესახებ იცის უფრო ნაკლები ვიდრე გამყიდველმა. ეს მომენტი მთლიანად ცვლის შეხედულებას ბაზრის ეფექტურობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საკამრისია უმნიშვნელო ასიმეტრია ინფორმირებულობაში, რომ ბაზრის ,,უხილავი ხელიარაოპტიმალურად იწყებს მუშაობას. უფრო მეტიც ზოგიერთ სფეროში შეიძლება მან ბაზრის შემცირება ან საერთოდ გაქრობაც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. აღმოჩნდა რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობის გამო ბაზარი შეიძლება რამდენიმე წონასწორობაში გავიდეს და ამასთანავე დამყარებული წონასწორობა სულაც არ იყოს ყველაზე ოპტიმალური. ამ საკითხების დამუშავებაში 2001 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ ჯორჯ აკერლოფს, მაიკლ სპენსსა და იოსებ სტიგლიცს.

ახლა ვნახოთ თუ რა შედეგს მოგვცემს ეკონომიკის განვითარების მთლიანად ბაზარზე მინდობა. აქვე ასევე გამოჩნდება განვითარებული ქვეყენების მხრიდან ბაზრის გაფეტიშების ის მეორე მოტივიც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ.

არესბობს დიდი ხნის წინ შვედი მეცნიერების მიერ დამუშავებული თეორია, რომელსაც ჰეკშეროჰლინის თეორია ეწოდება და რომლის დამუშავებისათვისაც ოჰლინმა 1972 წელს ნობელის პრემია მიიღო (ჰეკშერი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო). თეორიის არსი შემდეგშია: ქვეყანაში უპირატესად ვითარდება და საექსპორტოდ იქცევა ის დარგი, რომლის განვითარებისათვისაც საჭირო რესურსი ამ ქვეყანას სხვა რესურსებთან შედარებით ყველაზე ჭარბად აქვს.

დავფიქრდეთ რა გვაქვს ჩვენ ყველაზე ჭარბი? უდავოა, რომ კაპიტალი არასაკამრისი გვაქვს, არც უახლეს ტექნოლოგიებზე მიგვიწვდება ხელი. სამაგიეროდ გვყავს უმუშევრების დიდი არმია. ამასთან დასაქმებულთა ხელფასებიც ძალიან დაბალია. .. გვყავს ჭარბი იაფი მუშახელი. ასეთ წინაპირობების არსებობის გამო საბაზრო ძალები (მთავრობის მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში), რომლებიც ჰექშეროჰლინის თეორიას ემორჩილებიან, გამოიწვევენ შრომატევადი დარგების განვითარებას ქვეყანაში.

განვითარებულ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ დიდი რაოდენობის კაპიტალი, მაღალი ტექნოლოგიები და განვითარებული საფონდო ბაზარი, შეუძლიათ და ანვითარებენ კიდეც მაღალტექნოლოგიურ და კაპიტალტევად დარგებს. კაპიტალტევადი დარგები მაღალი შრომისნაყოფიერებით გამოირჩევიან. რაც შეეხება მეცნიერებატევად, მაღალტექნოლოგიურ დარგებს, ისინი მსოფლიო ბაზარზე მონოპოლიური ძალაუფლებით სარგებლობენ. იმის გამო, რომ მაღალტექნოლოგიებზე ცოტას თუ მიუწვდება ხელი ამ დარგებში კონკურენტები ცოტაა, რაც მათ მონოპლოიურად მაღალი მოგების საშუალებას აძლევს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კი როცა ტექნოლოგია მოძველდება და ხელმისაწვდომი ხდება ბევრი მეწარმესათვის, მოგების ნორმა ამ დარგებში მცირდება და ისინი გადადიან იმ ქვეყნებში სადაც იაფი მუშახელია, საიდანაც უკვე გაიაფებული საქონელი ბრუნდება განვითარებულ ქვეყანაში. ამ თეორიას ,,პროდუქტის საციცოცხლო ციკლისთეორია ქვია და იგი ფრანგმა მეცნიერმა . ვერნონმა დაამუშავა. ამის შედეგად მოგებული რჩებიან განვითარებული ქვეყნები, მათ უნთავისუფლდებათ შრომატევად და ნაკლებ პროდუქტიულ დარგებში დასაქმებული მუშახელი და შესაძლებლობა ექმნებათ გამონთავისუფლებული მუშახელი ახალ, უფრო მომგებიან დარგებში დაასაქმონ. ამით იზრდება ქვეყანაში შექმნილი დოვლათი და პარალელურად განვითარებადი ქვეყენებიდან შემოდის გაიაფებული დაბალტექნოლოგიური, მაგრამ განვითარებული ქვეყენების საზოგადოებისათვის საჭირო საქონელი (მაგალითისათვის ამერიკელების მიერ მოხმარებული ფეხსაცმელების მხოლოდ 5% იკერება ამერიკაში დნარჩენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყენებიდან შემოდის).

როგორც ვხედავთ მაღალ განვითარებული ქვეყნები საერთაშორისო ვაჭრობიდან დიდ მოგებას იღებენ. ამიტომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად და სხვადასხვა ქვეყნების ვალუტების სტაბილიზაციისათვის შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საერთაშორის სავალუტო ფონდის აქციების ძირითადი ნაწილი აშშ ხაზინის დეპარტამენტის საკუთრებაშია.

ასე რომ, თუ ჩვენ ეკონომიკას მთლიანად მივანდობთ ბაზარს ჩვენი ქვეყანა იქცევა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ დამატებად შრომატევად და დაბალტექნოლოგიურ დარგებში, თანაც ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ უცხოელებმა საერთოდ არ გააკეთონ ინვესტიცია საქართველოში, უბრალოდ საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა გახდება ისეთი, რომელიც მოგებას მოუტანს განვითარებულ ქვეყნებს.

მეორე მხრივ კი, შრომატევადი დარგების განვითარება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანი შექმნის შედარებით ნაკლებ პროდუქტს, რის გამოც მისი ხელფასი დაბალი იქნება. .. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა გავა ისეთ წონასწორობაში, როცა გავქვს დაბალი ხელფასები და შესაბამისად დაბალი ცხოვრების დონე.

ამიტომაც სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში მოუწოდებს ქვეყნის მთავრობებს, რომ ჩაერიონ ეკონომიკის განვითარების მსვლელობაში და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა არასასურველი წონასწორობიდან უფრო სასურველ წონასწორობაში გადაიყვანონ. რის შემდეგაც შესაძლოა ეს ჩარევა დიდი ხნით აღარც გახდეს საჭირო.

სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკა, როგორც სტიგლიცი ამტკიცებს, შეიძლება არაოპტიმალურ წონასწორობაში გავიდეს, შეიძლება აიხსნას მრავალი, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ძალიან გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისები და ცხოვრების დაბალი დონე. ვერა და ვერ გამოყავს ეს ქვეყნები კრიზისიდან ბაზარს.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ დედამიწის რესურსების შეზღუდულობა შეუძლებელს ხდის ყველა ქვეყნისათვის ცხოვრების მაღალი დონის მიღწევას. მაგალითად იმისათვის, რომ ჩინეთში ცხოვრების დონე გაუტოლდეს საბერძნეთის ცხოვრების დონეს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მას დასჭირდება დამატებით ერთი დედამიწა თავისი რესურსებით. შეგახსენებთ, რომ აშშ მოსახლეობა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 6%- შეადგენას, მოიხმარს მსოფლიო რესურსების 40%-. დანარჩენი განვითარებული მსოფლიოც ასევე დაახლოებით 40%-, ხოლო მთელი განვითარებადი მსოფლიო კი რესურსების დარჩენილ 20%-. ასე რომ თუ ყველა ქვეყანა თანაბრად იცხოვრებს, ცხივრების დონე აღარ იქნება ისე მაღალი, როგორც ახლა არის განვითარებულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ძნელია დაიჯერო, რომ ჩვენ ვინმე ,,ხეზე ცოცვასგვასწავლის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებმა არცერთ ქვეყანაში არ გამოიღო დადებითი შედეგი, უფრო პირიქით ხდება ხოლმე.

უცხოური ტრანსეროვნული კორპორაციების უკონტროლოდ მოწვევამ კი შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს. ისინი საკმაოდ დიდ ფინანსებს ფლობენ, რის გამოც აქვთ ყველა შესაძლებლობა ჩაერიონ პატარა ქვეყნების განვითარებაში. საჭიორების შემთხვევაში მოისყიდონ პოლიტიკოსები და მოაწყონ გადატრიალებები. ეს მოხდა კიდეც ჩილეში, როცა სპილენძის მომპოვებელმა უცხოურმა ფირმამ ,,BNN”-მა, დააფინანსა გადატრიალება და შეიწირა ქვეყნის მთავრობა და ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი. იგივე ბედი ეწია პატრის ლუმუბასაც.

ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა და ამიტომ შეიძლება იგი პოლიტიკური მიზნებისათვისაც იქნეს გამოყენებული. ამის გამო, ადამიანებმა, ვისაც ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ევალებათ, ეკონომიკური შეხედულებები უმჯობესია პროფესიული ლიტერატურით შეიქმნან და არა მასმედიის საშუალებებით, რადგან მასმედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპები შეიძლება სულაც არ იყოს სწორი და ამდენად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი უარყოფითი პროცესები არ განვითარდეს საქართველოშიც საჭიროა, რომ ქვეყანის მთავრობა აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და იგი სასურველი მიმართულებით წაიყვანოს. გერმანიის, საფრანგეთის და იაპონიის მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთ მსხვილ კორპორაციებთან. იაპონიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 30 წლის განმავლობაში მართვდა ქვეყნის ეკონომიკას. ამისათვის მათ ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით ხელოვნურად შეამცირეს საბანკო საპროცენტო განაკვეთი და გაამყარეს იაენის კურსი. ხელოვნურად გაზარდეს კრედიტზე და ვალუტაზე მოთხოვნა, შექმნეს დეფიციტი, ხოლო შემდეგ კი მთავრობა განსაზღვრავდა ადმინისტრაციულად თუ ვისთვის უნდა მიეცათ კრედიტი და ვისთვის არა. ასევე ადმინისტრაციული მეთოდებით ანაწილებდნენ უცხოურ ვალუტას, რომ კონტროლი გაეწიათ თუ რაში დაიხარჯებოდა ქვეყნის მწირი სავალუტო მარაგები, რათა კაპიტალი რაც შეიძლება ეფექტურად გამოეყენბინათ. მათ არ დაუწყიათ უცხოელების დახმარების ძიება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ახლა კი თვითონ არიან ყველაზე მსხვილი ინვესტორები თვით აშშშიც კი. იაპონიის მთავრობამ ეკონომიკის ასეთი გზით მართვით თავისი ხალხი ახლოს არ გააკარა შრომატევად დარგებს. განავითარეს მაღალი ტექნოლოგიები. ეკონომიკის 30 წლიანი ფაქტიურად ცენტრალიზებული მართვის შემდეგ კიდევ 10 წელი მოანდომეს სრულ ლიბერალიზაციას (ჩვენთან კი სამ წელიწადში ეკონომიკის სამინისტროს გაუქმებას ვარაუდობენ). იაპონიის მთავრობა აკონტროლებდა ექსპოტრსაც და იმპორტსაც, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ყოფილიყო საერთაშორისო ვაჭრობა. ზემოთ მოხსენიებული ზომების მიღება იაპონიას იმიტომ დასჭირდა, რომ იქ არ იყო განვითარებული სახელმწიფო სექტორი და საჭირო იყო გარკვეული ბერკეტების შექმნა კერძო სექტორის სამართავად. ჩვენთან კი ჯერ კიდევ არის სახელმწიფო სექტორი, ამიტომ მთავრობას არ დასჭირდება ასეთი ხერხების გამოყენება. სახელმწიფოს ყველაზე უკეთ შეუძლია მსხვილი კაპიტალის მობილიზება და უახლესი ტექნოლოგიების მოძიება. გარდა ამისა სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში ამბობს, რომ მან ვერ მოიძია ვერცერთი საკამრისად მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისათვის, რომ კერძო სექტორს უფრო უკეთ შეუძლია მსხვილი კორპორაციების მართვა ვიდრე სახელმწიფოს. ეს განსაკუთრებით ეხება მონოპოლიებს.

იმის გამო, რომ ბაზარი შედარებით ეფექტურია მაშინ, როცა კონკურენცია სრულყოფილია, მცირეა შეზღუდვები კაპიტალის მოძიების მხრივ და ტექნოლოგიებზე წვდომაც არ არის ძალინ ძნელი, ამიტომ უმჯობესია, რომ ასეთი დარგების მართვა ბაზარს მიენდოს. ასეთია მცირე და საშუალო საწარმოები, რადგანაც ბაზარზე მოქმედი საწარმოების რიცხვი დიდია, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული კაპიტალდაბანდებები და არც უახლესი ტექნოლოგიები, ამიტომ უნდა ვივიარაუდოთ, რომ იგი უფრო ეფექტურად მოახერხებს ამ საწარმოების მართვას ვიდრე სახელმწიფო. მაღალი კონკურენციის გამო ასეთ დარგებში ძნელია მაღალი მონოპოლიური მოგების მიღება. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ თუკი იზრდება სამართავი საგნების რიცხვი, მაშინ მათი ეფექტურად სამართავად მართველობითი ორგანო ექსპონენციალურად უნდა გართულდეს. ასე რომ, სახელმწიფო ვერაფრით ვერ მოახერხებს დიდი რაოდენობის მცირე საწარმოების ეფექტურად მართვას და ჯობს ისინი გაყიდოს, მაგრამ რამდენიმე ათეული მსხვილი მონოპოლიური საწარმო, რომელიც მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს და მაღალტექნოლოგიებს ჯობია სახელმწიფოს ხელში დარჩეს. მით უმეტეს, რომ მათ ძირითადად უცხოურ ბაზარზე მოუწევთ მოღვაწეობა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ კონკურენციის დაძლევა. გარდა ამისა, მსხვილი საწარმოები საშუალებას იძლევიან მონოპლოიური მოგება მიიღონ, რითაც იზრდება სოციალური უსამართლობა. თუკი ეს საწარმოები დარჩება სახელმწიფოს ხელში, როგორც მსხვილი აქციონერისა, მაშინ შესაძლებელი იქნება მაღალი მოგების (დივიდენდების) მთელ მოსახლეობაზე შედარებით სამართლიანად გადანაწილება. აქვე ვიტყვით, რომ იაპონიამ როგორღაც მოახერხა თავის მოსახლეობაში სოციალური სამართლიანობის მიღწევა. მისი მოსახლეობის 90% საშუალო მაცხოვრებელია, მხოლოდ 10%-ია მდიდარი.

აქვე არ შემიძლია არ შევჩერდე იმ საკითხზე, რომ ჩვენში გავრცელებულია აზრი, თითქოს ჩვენ ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ. ჯერ ერთი, იაპონიას არაფერი აქვს ადამიანების გარდა. ამიტომ, უმთავრესი სიმდიდრე ადამიანური კაპიტალია და საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას. თუ ჩვენ გვეყოლება მაღალკვალიფიციური ინჟინრები და მეცნიერები და თუ მათი ხვედრითი წილი ჩვენს მოსახლეობაში დიდი იქნება, მაშინ იგივე ჰექშეროჰლინის თეორიით მოსალოდნელია, რომ ჩვენშიც განვითარდება მაღალტექნოლოგიური დარგები. ეკონომისტებისათვის ცნობილია .. ,,ლეონტიევის პარადოქსი“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ აქვს დიდი რაოდენობით კაპიტალი, მის ექსპორტში დიდი იყო შრომატევადი დარგების წილი. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ შრომატევად დარგებს მიათვალეს მეცნიერებატევადი დარგებიც (მეცნიერებისა და ინჟინრების შრომა). სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ აშშ ექსპორტში დიდი იყო ისეთი საქონლის წილი, რომელიც მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური იყო. სწირედ ეს აძლევდათ მათ უპირატესობას საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აშშ უფრო დიდი უპირატესობა ქონდა მაღალკვალიფიციური მეცნიერებისა და ინჟინრების სახით. შეიძლება მკითხველი შეშინდეს და თქვას, რომ ჩვენ აშშ ამ საკითხში კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ჰექშეროჰლინის თეორიით მნიშვნელობა აქვს არა აბსოლუტურ სიდიდეს, არამედ ფარდობით ხვედრით წილს მოსახლოებაში.

ახლა უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზე გადავიდეთ. ჩვენ ისეთი ბუნებრივი რესურსი გვაქვს, რომელიც რაც დრო გავა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ჰიდრო რესურსი. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ სასმელ წყალს. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰიდროენერგეტიკული რესურსების მიხედვით ერთერთი მოწინავეა მსოფლიოში. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია 4-ჯერ იაფია, ვიდრე თბო, თუ ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული. ამასთან იგი არ ილევა, განახლებადია. ეკოლოგიურად, მიუხედავად ჩვენში გავრცელებული აზრისა, ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე სხვა მეტნაკლებად რენტაბელური ენერგიის წყაროები. ეს იძლევა საუკეთესო წინაპირობას ენერგოტევადი დარგების განვითარებისა, როროგორიცაა მეტალურგია და ალუმინის წარმოება. Mმეტალების წარმოებაში დაწინაურება კი საშუალებას მოგვცემს მეტალო ტევად დარგებში დაწინაურებისა, როგორიცაა მანქანათმშენებლობა და სხვა.

საყოველთაო პრივატიზაცია და მისი მოსალოდნელი შედეგები

ნაშრომში გაკრიტიკებულია დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს მთელი აქცენტის საბაზრო ურთიერთობებზე გადატანას და ეკონომიკის მართვის მთლიანად ბაზარზე მინდობას, ხელისუფლების პასიურ როლს ეკონომიკაში. აქ მითითებულია ეკონომისტებისათვის კარგად ნაცნობ ფაქტზე, რომ ბაზარზს აქვს მთელი რიგი ჩავარდნები, რის გამოც საბაზრო ურთიერთობები ყოველთვის ოპტიმალურ ეფექტს არ იძლევა. კერძოდ ბაზარს აქვს ჩავარდნა: 1) საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნაში, 2) ვერ მართავს რესურსებს ეფექტურად, თუკი წარმეობას თან ახლავს გარკვეული გარეგანი ეფექტები, 3) ვერ მართავს ეფექტურად მონოპოლიებსა და ოლიგოპოლიებს და 4) ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაციული ასიმეტრიულობა, რის გამოც ბაზრის ,,უხილავი ხელიარაეფექტური ხდება და არარეგულირებადი ბაზრის უპრატესობა ხშირ შემთხვევაში ძალიან საეჭვოა.

ნაშრომში მითითებულია, რომ საბაზრო ურთიერთობის გაფეტიშებას ორი მიზეზი ქონდა: პოლიტიკური და ეკონომიკური.

პოლიტიკური იმაში მდგომარეობდა, რომ დასავლეთი ცდილობდა საბჭოთა კავშირში მოეწყო იდეოლოგიური დივერსია და საბჭოთა კავშირის ხალხები და მისი ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა ბაზრის უპირატესობაში, რაც გამოიწვევდა პოლიტიკურ გარდაქმნებს და რუსეთის ცენტრალიზებული ხელისუფლების შესუსტებას.

ეკონომიკური კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა ქვეყანას იაფი მუშახელის გარდა არანაირი რესურსი არ გააჩნია, მაშინ ბაზარზე მინდობილ ეკონომიკის პირობებში ამ ქვეყანაში მხოლოდ შრომატევადი დარგები განვითარდება და მოსახლეობა მუდმივად ღარიბი დარჩება. ეს კი განვითარებულ ქვეყნებს აწყობთ, რადგანაც შრომატევადი დარგები გადავა განვითარებად ქვეყნებში, თვითონ კი გამონთავისუფლებელ რესურსებს მაღალტექნოლოგიურ, მაღალ მომგებიან დარგებში დააბანდებენ, რითაც კიდევ უფრო გაზრდიან თავიანთ ეკონომიკურ პოტენციალს და საერთაშორისო ვაჭრობიდან მიიღებენ დიდ მოგებას. განვითარებადი ქვეყნები კი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ დანამატად იქცევიან, ისე რომ ამ ქვეყნებმა შეიძლება განვითარებად ქვეყანაში საერთოდ არ განახორციელონ ინვესტიცია.

ასე, რომ დღევანდელი ხელსიუფლების პოლიტიკას ქვეყანა სიღარიბისაკენ და განვითარებული ქვეყნებისადმი კოლონიალურ დამოკიდებულებამდე მიჰყავს. ამის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა მთავრობის აქტიური კომპეტენტური ჩარევა ეკონომიკის მართვაში.

P.S.

საქართველოსთვის ხელსაყრელი სამრეწველო დარგების შერჩევა.

როგორც ცნობილია აშშ მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყანაა. მისი სიმდიდრის მთავარი წყაროა მეცნიერებატევადი უახლესი ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება და სხვა ქვეყნებზე მაღალი ფასნამტით გაყიდვა. ამისათვის მას აქვს ყველაზე კარგად განვითარებული მეცნიერება და საინჟინრო კადრები, გარდა ამისა მსოფლიოს საუკეთესო ტვინები იქ იყრიან თავს. ჰეკშერ–ოჰლინის თეორიით თუ ქვეყანაში წილობრივად ბევრი იქნება მეცნიერი და ინჟინერი, მაშინ ეს ქვეყანა გამოუშვებს მაღალტექნოლოგიურ ნაწარმს, რომლის საერთაშორის ბაზარზე გაყიდვითაც მიიღებს დიდ მოგებას. მაგრამ ახალი პროდუქტის შესაქმნელად საკმარისი არ არის მეცნიერების ფარდობითი მაღალი წილი ქვეყნის მოსახლეობაში, ამას კიდევ სჭირდება აბსოლიტური მნიშვნელობითაც დიდი და ძლიერი მეცნიერების ყოლა. მეცნიერებისა და ინჟინრების მაღალი ფარდობითი წილი საკმარისი იქნება უკვე არსებული მაღალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და მათი 10%–ით გასაუმჯობესებლად, როგორც იქცევა იაპონია. ეკონომიკაში ცნობილია, რომ ის ვინც ქმნის ახალ პროდუქტს, ასეთი კი მხოლოდ აშშ–ა(ახალი პროდუქტებიდან მხოლოდ CD შეიქმნა გერმანიაში მე–20 საუკუნეში, დანარჩენი ყველაფერი აშშ–ში), იგი ხსნის ნაღებს ეკონომიკაში. შემდეგ როცა პროდუქტი და ტექნოლოგია ძველდება იგი გადადის სხვა ქვეყნებში. მას როგორც წესი ითვისებენ გერმანელები და იაპონელები. მე მგონი ჩვენც მათ უნდა მივბაძოთ. თუ გვეყოლება კარგი მეცნიერები და ინჟინრები, მაშინ  შევძლებთ ძალიან სწრაფად ავითვისოთ უკვე შექმნილი ტექნოლოგია, იგი ცოტათი გავაუმჯობესოთ და შემდეგ გავყიდოთ. ასე ბევრად უფრო იაფიც არის. მეცნიერებაში შეიძლება ბევრი ფული გადაყარო ისე, რომ ვერაფერი ვერ შექმნა, სამაგიეროდ თუკი გეცოდინება, თუ რა მიმართულებაა პერსპექტიული მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში, კვლევები ამ მიმართულებით უფრო იაფი დაჯდება. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიის სწარაფად ათვისებას, გადმოღებას და მის დანერგვას წარმოებაში, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოაქვს დიდი მოგება ახალ ტექნოლოგიებს. თუ დააგვიანებთ მთელი მოგება სხვა ქვეყნებში წავა. დაგვიანების შემთხვევაში ახალი ტექნოლოგია ხელმისაწვდომი ხდება ბევრისათვის, რის გამოც მწარმოებელთა და შესაბამოისად კონკურენტთა რიცხვი იზრდება, რაც ამცირებს მონოპოლიური მოგების მიღების შანს და შესაბამისად მოგების ნორმაც მცირდება. ამიტომ საჭიროა, რომ გვყავდეს ძლიერი სამეცნიერო და საინჟინრო პოტენციალი, რომ დროზე ავითვისოთ აშშ–ში შექმნილი ახალი ტექნოლოგიები. ხელისუფლება უნდა დაეხმაროს კერძო მეწარმეებს, თუ მსხვილ საწარმოებს უახლესი ტენოლოგიებისა და ინოვაციების მოძიებასა და წარმოებაში დანერგვაში.

აშშ–ს შემდეგ მოდიან გერმანია და იაპონია. დავაკვირდეთ რა დარგი აქვთ მათ ყველაზე მეტად განვითარებული. ასეთია მანქანათმშენებლობა. ამ ქვენებს აქვთ ყველაზე მეტი მანქანათმწარმოებელი ფირმები. ე.ი.  მანქანათმშნებელობა უნდა იყოს მომგებიანი დარგი. შეუძლია თუ არა საქართველოს მანქანათმშენებლობის განვითარება? გავიხსენოთ, რომ შვედები, რომლის მოსახლეობაც საქართველოსავით 5 მილიონამდეა უშვებენ ორი დასახელების მანქანას: ვოლვოსა და სააბს. გარდა ამისა შვედეთში განვითარებულია მეტალურგია, რადგანაც აქ არის რკინის საბადოები. ადრე იმ ქვეყანას ჰქონდა უპირატესობა ამა თუ იმ დარგში ვისაც ესა თუ ის ნედლეული ჰქონდა, რამაც გამოიწვია შვედეთში მეტალურგიისა და შემდეგ მაქნათმშენებლობის განვითარება. ახლა კი როცა სატრანსპორტო საშუალებები ძალიან განვითარდა, ახლა უკვე ნედლეულის საბადოს სიშორე აღარ არის დიდი პრობლემა, და თუ სხა პოლიტიკური შეზღუდვები არ არის, მაშინ ნედლეულის მქონე ქვეყნის უპირატესობა არ მოქნე ქვეყანასთან შედარებით მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯებშია, გავიხსენოთ იაპონია, რომელსაც არანაირი ნედლეული არ აქვს.

მეორეს მხრივ მეტალურგია ჩვენს დროში გახდა ენერგოტევადი. ახლა ლითონი ელექტროენერგიის გამოყენებით მიიღება და არა ქვანახშირით. საქართველოს კი აქვს დიდი პოტენციალი განავითაროს ჰიდროელქტროსადგურები, რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია 4–ჯერ იაფია ვიდრე სხვების, გარდა ამისა სხვა რენტაბელურ ელექტროსადგურებთან შედარებით ყველაზე სუფთაა ეკოლოგიურად.

ასე რომ თუ გვექნება იაფი ელექტროენერგია, რაც სავსებით რეალურია, მაშინ შეიქმნება წინაპირობა მეტალურგიისათვის და ასევე ალუმინის წარმოებისათვის, რომელიც ყველაზე ენერგოტევადი დარგია. სანამ ხელისუფლება გადაწყვეტს მანქანათმშენებლობის განვითარებას, მანამდე კარგად უნდა იქნას შესწავლილი პოტენციური გასაღების ბაზრები.  ალუმინი არის 21–ე საუკუნის სტრატეგიული ლითონი. ალუმინის წარმოება ძალიან მომგებიანია და მსოფლიო ბაზარი მონპოლიზირებულია, თუმცა ,,ჩიტი ბრდღვნად ღირს” და უნდა ვეცადოთ ამ ბაზარზე გასვლა. ამას მარტო კერძო საწარმო ვერ შეძლებს, მას მთელი სახლემწიფო უნდა დაეხმაროს და ამავე დროს ასეთი მომგებიანი და მსხვილი საწარმოების აქციების საკონტროლო პაკეტი უნდა დარჩეს სახელმწიფოს ხელში, რომ მოგება სამართლიანად გადანაწილდეს საზოგადოების ყველა წევრზე.

მეტალურგიისა და ალუმინის წარმოების განვითარება კარგ წინა პირობას ქმნის მანქანათმშენებლობის განვითარებისათვის. ენერგოტევადი და მეტალო– ტევადი დარგები უნდა განვითარდეს დასავლეთ საქართველოში პორტების სიახლოვისა(ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად) და ჭარბი ჰიდროელექტო რესურსების გამო.

ძალიან მომგებიანია მაღალტექნოლოგიური დარგები, ასეთებია: მიკროელექტრონიკა და ნანოტექნოლოგიები. ასეთი დარგები თბილისსა და მის შემოგარენში უნდა განვითარდეს სამეცნიერო პოტენციალის გამო.

აუცილებელია გენური ინჟინერიის ათვისება. იგი ატომურ იარაღზე უფრო საშიშია და მასში ჩამორჩენა სამუდამოდ დამცირებულ მდგომარეობაში დაგვტოვებს.

ტურიზმი შრომატევადი დარგია, ისევე როგორც ტექსტილის მრეწველობა. ტექსტილის მრეწველობა განვითარებულია ლაოსში, ვიეტნამში და ჩინეთში. ამ დარგებში მაღალი შრომატევადობის გამო ანაზღაურება დაბალია. ეკონომისტეისათვის ცნონილია, თუ როგორ პირდაპირ კავშირიშია შრომატევადობა ანაზღაურებასთან, რაც უფრო შრომატევადია დარგი მით უფრო დაბალია ანაზღაურება. აშშ–ში პრაქტიკულად არ იკერება ფეხსაცმელები.

ტურიზმის კლასიკური ქვეყანაა ესპანეთი. ამავე დროს ცნობილია, რომ იგი ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში. ტურიზმი რაღაც დონეზე დასაშვებია, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს ქვეყნის მთავარ დარგად.

ძალიან მომგებიანი და იოლია სამუშაოდ საბანკო სფერო. საბანკო სფეროს მაღალ დონეზე განვითარების შემთხვევაში, ანუ თუკი ქართული ბანკები გახდებიან საერთაშორისო დონეზე აღიარებულები, მაშინ ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი, უცხოელების დანაზოგები (დაბალი პროცენტით), რაც უცხოურ ინვესტიციებზე უკეთესია(ჩვენმა ბანკებმა უნდა მიიზიდოს უცხოელების ანაბრები და არა უცხოურმა ბანკებმა, თუნდაც საქართველოში გახსნილმა, ქართული დანაზოგები). ამ ფულის გამოყენებას ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის და თანაც საწარმოების აქტივები ქართველების ხელში დარჩება.

ხელისუფლებამ თვითონ უნდა ააშენოს მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ან ის საწარმოები რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. ამის გაკეთებას კერძო მეწარმეები ვერ შეძლებენ არა საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო. ხელისუფლებას კი შუეძლია უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების მოწვევა. გარდა ამისა მას შეუძლია დაუკვეთოს ასეთი მსხვილი საწარმოების აშენება უცხოელებს. კარგი იქნება თუ ამ საწარმოებზევე მიებმება ტექნოლოგიური ინსტიტუტების მუშაობაც. ასეთ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების ათვისებაც უფრო მალე მოხდება და ახლად დამუშავებული ტექნოლოგიების წარმოებაში ჩაშვების სიჩქარეც გაიზრდება. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტიტუტები ვაშენოთ, მათი კურსდამთავრებულები ვერ ნახავენ ასპარეზს საკუთარი თავის რეალიზაციისათვის და ეს ცოდნა გამოუყენებლი დარჩება. ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში ჯობია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ჩამოვყვანოთ, ამით ცოდნის ხარისხიც გაიზრდება ინსტიტუტებში და მისი პრესტიჟულობაც. მეორეს მხრივ, როცა უცხოეთში ვაგზავნით სასწავლებლად სტუდენტებს ამ დროს მხოლოდ ერთეულებს ვუშვებთ სასწავლებლად და თან არავინ არის გარანტირებული იმისაგან, რომ ნამდვილად საუკეთესო სტუდენტი გავუშვით ცოდნის მისაღებად, ხოლო როცა აქ ჩამოგყავს მსოფლიო დონის მეცნიერი მას თან ჩამოაქვს მსოფლიოში არსებული ყველაზე  უახლესი ცოდნა, რომლის დაუფლების შესაძლებლობა უკვე ერთეულებს კი არა ფაქტიურად ყველა მსურველს აქვს და ასეთ შემთხვევაში თვითონ ცხოვრება უკეთ გამოარჩევს თუ ვინ უკეთ აითვისებს ამ ცოდნას და უკეთ გამოიყენებს. გარდა ამისა როცა უცხოეთში ვაგზავნით სტუდენტს შეიძლება ის უკან არც დაბრუნდეს. აქ მეცნიერის ჩამოყვანა კი უფრო იაფიც დაჯდება და უფრო მეტი ეფექტიც ექნება(ბოლოსდაბოლოს ასე იქცეოდნენ ამერიკელები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საუკეთესო გერმანელი მეცნიერები წაიყვანეს ამერიკაში და ასე იქცეოდა მსოფლიოს დამპყრობი, წერა–კითხვის უცოდინარი, თემურ–ლენგიც კი, მას დაპყრობილი ქვეყნებიდან ყველა დარგის საუკეთესო სპეციალისტები მიჰყავდა თან).  თან ალბათ ჯობია ამაში დავხარჯოთ ფული ვიდრე ძვირად ღირებულ მომღერლებში. ეს უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს.

ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა

კანდიდატი ზაზა წიქორიძე

About zazatsikoridze

economist
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ბაზარს მინდობილი ეკონომიკა და მისი მოსალოდნელი შედეგები

  1. ნორვეგიისა და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის მოკლე შედარებითი ანალიზი!

    ნორვეგია ნავთისა და გაზის მარაგების მიხედვით ერთერთ პირველ ადგილზეა ევროპაში. მას გაზი და ნავთი ექსპორტზე გააქვს. მას ასევე აქვს დიდი ჰიდროელექტრული პოტენციალი. აქვს ბევრი მთის მდინარე. ასე რომ შეუძლია აშენოს, როგორც თბო ისე ჰიდროელექტროსადგურები.
    მიუხედავად ამისა ნორვეგიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 99,9% მიიღება ჰიდროელექტრო სადგირებში და არა თბოელექტრო სადგურებში. საქართველოსაც აქვს არანაკლები ჰიდროელექტრო პოტენციალი. ამიტომ არ იქნება ურიგო თუ დავაკვირდებით ნორვეგიის ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურას და ზოგიერთ რამეს გავითვალისწიბეთ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი არ გამოგვადგება, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს ნავთი და გაზი. სამაგიეროდ გვაქვს უკეთესი კლიმატი და სხვა.
    ერთი სიტყვით ნორვეგიის მაგალითი ამტკიცებს, რომ ნავთზე უკეთესი და უფრო იაფი ენერგო რესურსია ჰიდრო რესურსები.
    ნორვეგიას იაფი ენერგო რესურსებმა საშუალება მისცა განევითარებინა ენერგოტევადი დარგები, ისეთი, როგორიც არის მეტალურგია, ალუმინის მრეწველეობა. ტყის მნიშვნელოვანმა მარაგებმა იაფ ენერგიასთან ერთად მას ასევე მისცა საშუალება განევითარებინა ცელულოზის წარმოება.

  2. თავისუფალი ვაჭრობის თეორიაში არის ჩუმი დაშვება გაკეტებული, რომ საერტაშორის კონკურენციის შედეგად თუ ქვეყანაში დაიხურება რომელიმე საწარმო, მაშინვე ხდება ამ საწარმოში დასქმებუ;ების და კაპიტალის გადატანა სხვა დარგებში. უპრობლემოდ და იოლად. რეალურ ცხოვრებაში კი კონკურენცია მყისიერად კლავს ადგილობრივ სუსტ ბიზნესს, მარა რეალრუად შეუძლებელაი ახალ დარგში კაპიტალის გადტანა და მუშაოხელის დასქმება, რადგანაც არ არის ხოლმე საჭირო ცოდნა და შეიძლეაბ არც არასდრო არ მოხერხდეს იმ კაპიტალის გადატანა სხვა დარგში. ასე რომ თუ ამ დაშვებას გავითავლისწინებთ, ამშნ შეძიელბა ამჩმდეს, რომ საერთაშორის ვაროაბა კლავს ადგილობრივ სუსტ წარმეობას. დასაველთი ქვეყნაბშ კი ცოდნაც იოლი ხელმისაწვდომია და კაპიტალიც და ამიტომ ის დაშვეაბ შეიძლება უფროა ხლოსაც იყოს რეალობასთან დასაველთში.
    ისე იგივე აზრი თოროუსაც აქვს გამოთქმული, როცა ეჭვის ქვეს აყენებს საერთაოშიროს ვაჭრობის თეროას და იქ წერს, რომ არც ისე ამრტივად და იოლად არის საქმე როგორც იმ თეროიაშიაო, რომ იქ არ არის გათავლსიწინებული შემდეგი და შემდეგი ფაქოტირებიო. იქ მგონი 6 ფაქტორი აქვს დასხლბული რის გამც შეიძლეაბ ის თეროია რეალობას იყოს დაცილებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s